სულ ცოტა ხნის წინ, დიზაინერმა და ქალაქის მერმა, 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი დაიწერეს. იმავე დღეს მათი ბიჭებიც მოინათლნენ. თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარი გმირები ისინი არ არიან. ქორწილი, რომლის დეკორაციაზეც ძალიან ბევრს საუბრობდნენ, დიზაინერ ანი პირველის ორგანიზებულია. Wedder.ge-ს დაპირებისამებრ, ინტერვიუ ქორწილის ორგანიზატორთან - როდის და რატომ გადაწყვიტა მან, მიეტოვებინა პროფესიული საქმიანობა და წყვილებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი დღის შექმნაში, მთავარი როლი შეესრულებინა.
- გამარჯობა. პირველ რიგში ტრადიციულად დავიწყოთ და გაგვაცანით თქვენი პერსონა ვინ ხართ და როგორია თქვენი ცხოვრება?
- მე ვარ ანი პირველი და საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემი ცხოვრება არის საკმაოდ ფერადი და მრავალფეროვანი.
- პროფესიით ვინ ბრძანდებით?
- მარკეტოლოგი ვარ და პროფესიით, ბევრი წელი ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში. ერთ დღეს კი, ჩემი პროფესია, ღონისძიებების ორგანიზატორობამ ჩაანაცვლა.
- როდიდან დაინტერესდით ქორწილების ორგანიზებით?
- მხოლოდ ქორწინების ღონისძიებებზე არ ვმუშაობთ. უამრავი სხვადასხვა სპეციფიკის ღონისძიება გვაქვს გაკეთებული. ბევრი წლის წინ, ცოტა ხუმრობით და გართობის მიზნით ჩავერთეთ მე და ჩემი მეგობარი ჯაბა დიასამიძე. 16 წლის ვიყავით, როცა პარიზიდან ჩამოვიყვანეთ მეგობარი DJ და იმ დროისთვის საკმაოდ მასშტაბური და წარმატებული ღონისძიება გამოგვივიდა. შემდეგში ჯაბას ჩვენების ორგანიზებას ვაკეთებდით ერთობლივად. სერიოზულად და პროფესიულად ამ საქმეში ჩავერთე, როდესაც ჩემა მეგობრებმა კახი ჟორდანიამ და ნანიკო კლდიაშვილმა, მათი ქორწილის ორგანიზებაში დახმარება მთხოვეს, რომელიც შატო მუხრანში გაიმართა. მას შემდეგ, დაახლოებით 3 წელია სერიოზულად ვმუშაობ ამ სფეროში და ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის საქმეა რისი კეთებაც მინდა. არასდროს არის მოსაბეზრებელი, იმიტომ რომ ყოველი ახალი ღონისძიება, ახალი ისტორია და ეს საკმაოდ საინტერესოა.
- კარგი ქორწილის დაგეგმვა და ორგანიზება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კარგი დიზაინერის პოვნა, ფინანსური თვალსაზრისითაც, სირთულეს წარმოადგენს. რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი მომსახურება მომხმარებლებისთვის და სად შეიძლება თქვენი პორტფოლიოს დათვალიერება?
- კარგი ქორწილის დაგეგმვას მხოლოდ დიდი ბიუჯეტი არ სჭირდება. სჭირდება ადამიანი, რომელიც განსაზღვრულ ბიუჯეტში, საინტერესო კონცეფციას შემოგთავაზებს . მთავარია მოცემულობის გაგება, ლოკაციის სწორად აღქმა; მნიშვნელოვანია დამკვეთის და შენი ხედვა ერთმანეთს დაემთხვეს. მე პირადად, მასიურად არ ვმუშაობ ივენთებზე, რადგან ჩემთვის ხარისხი ყველაზე მნიშვენოლოვანია, ვცდილობ ბევრ პროექტზე ერთობლივად არ ვიმუშაო და ყოველი, ჩემ მიერ ორგანიზებული ღონისძიება იყოს ექსლუზიური. ამის გათვალისწინებით, ხშირად ვერ ვარ ხელმისაწვდომი.
- პირადად ჩემთვის აღმოჩენა გახდით ანუკისა და კახის ქორწილით, რომელიც იდეალურ ფერებში და ელემენტებში იყო გადაწყვეტილი. როგორი იყო ამ ქორწილის სამზადისი და რა ურთიერთობა გაკავშირებთ წყვილთან?
- ამ ქორწილის მზადება, ჩემთვის ერთერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო, იმ თვალსაზრისითაც, რომ მაგან 100%იანი ნდობა იყო ჩემს მიმართ, რაც ვფიქრობ ყველაზე ადეკვატური მიდგომა ა დამკვეთის მხრიდან. ანუკისთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს და მას ყოველთვის მოსწონდა ის, რასაც ვაკეთებდი. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტეს, ჩემთვის მოენდოთ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის შექმნა. მეგობრული ურთიერთობა მაქვს მათთან, აღფრთოვანებული ვარ მათი მიდგომებით, ყველა საკითხთან მიმართებით.
- რამდენიმე ხნის წინ ვმუშაობდი სტატიაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქორწილო დეკორაციები 2019 წლის ტენდენციის მიხედვით და ამ ქორწილში რამდენიმე ელემენტი აღმოვაჩინე კიდეც. რამდენად მიყვებით ტრენდს და გვითხარით, რა არის ტრენდული, საქორწილო წვეულების დიზაინში, დეკორში 2019 წელს.
- სიმართლე გითხრათ, მიზანმიმართულად ნაკლებად მივყვები ტრენდს. მაგრამ ალბათ თავისთავად ის ყველაფერი რასაც ჩვენი თვალი ხედავს და აღიქვამს, შემდეგ ჩვენს საქმიანობაზე მოქმედებს.
- შეესაბამება თუ არა ეს ტრენდი ქართველი წყვილების მოთხოვნებს?
- კი, რა თქმა უნდა. მე საერთოდ ვფიქრობ რომ ქართველებს ძალიან კარგი გემოვნება, აღქმა და შეგრძნება აქვთ სილამაზის.
- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ამ ეტაპზე კონკრეტულს არაფერს. რიტმს მივყვებით და დრო გვაჩვენებს.
- ორიოდ სიტყვა ჩვენს შესახებაც: Wedder.ge არის სულ ახალი პლატფორმა, რომელიც ერთგვარი ონლაინ კატალოგი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს ყველა დეტალი მუსიკა, დიზაინერი, ფეხსაცმელი, აქსესუარი, კაბა, რესტორანი შეადაროს ფასები და დაგეგმოს ქორწილი. როგორ ფიქრობთ, რამდენად კომფორტულია ეს წყვილებისთვის და ასევე მათთვის, ვისაც უნდა საკუთარი საქმიანობა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს?
- ვფიქრობ ძალიან კარგი წამოწყებაა , განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს თვითონ მართოს საკუთარი ღონისძიების პროცესები და დიზაინი.
- მადლობა ინტერვიუსთვის. Wedder.ge გისურვებთ წარმატებას!
- მადლობა თქვენ!
ფოტო გალერეა ანუკი არეშიძის და კახა კალაძის ქორწილიდან; ყვარელი
ფოტოები კახი ჟორდანიას და ნანიკო კლდიაშვილის ქორწილიდა; შატო-მუხრანი
კომენტარები